საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 19 აგვისტოს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უზბეკეთის რესპუბლიკაში:

  • კონსტანტინე ჟღენტი - (2014 წლიდან-დღემდე)
  • გიორგი კუბლაშვილი - (2009 - 2013)
  • დავით ზალკალიანი - (2004 - 2007)
  • გივი აბდუშელიშვილი - (1997 - 2004)

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში, ასევე აკრედიტირებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. საქართველოს ელჩი კონსტანტინე ჟღენტი წელიწადში ორჯერ ჩადის ქ. დუშანბეში და მართავს კონსულტაციებს.

უზბეკეთის რესპუბლიკას საქართველოში საელჩო არ გააჩნია და ფარავს ქ. ბაქოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ბაქო) შერზოდ ფაიზიევი.

პოლიტიკური თანამშრომლობა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის თანამშრომლობა ხორციელდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ფუნქციონირებს პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რომელიც გულისხმობს დეპარტამენტების დირექტორების ყოველწლიურ შეხვედრას მონაცვლეობის პრინციპით. ორ ქვეყანას შორის ბოლო პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა 2015 წლის 3-4 ნოემბერს ქ. თბილისში.

ეკონომიკური თანამშრომლობა:

ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში მზარდი დინამიკა შეინიშნება. 2016 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით სავაჭრო ბრუნვამ 52,2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, საიდანაც 45, 7 მლნ. ექსპორტს, ხოლო 6,5 - იმპორტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, უზბეკეთზე მოდის. ფუნქციონირებს სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადად ინსტრუმენტს წარმოადგენს და რეგულარულ ხასიათს ატარებს. ფორმატის არსებობის განმავლობაში შვიდჯერ გაიმართა კომისიის სხდომა, ბოლოს მხარეები ერთმანეთს 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. ტაშკენტში შეხვდნენ.

გასული წლების მონაცემები:

სავაჭრო ბრუნვა

2014

ექსპორტი

54.8 მლნ.

68.2 მლნ.

იმპორტი

13.4 მლნ.

სავაჭრო ბრუნვა

2015

ექსპორტი

98 მლნ.

105 მლნ.

იმპორტი

7 მლნ.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროებია ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ფარმაცევტიკა. უზბეკური მხარე აქტიურად იყენებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს უზბეკური ბამბის ექსპორტისთვის. ასევე, პოზიტიურ დინამიკას იძენს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. 2016 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით უზბეკეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 5740 ადამიანი შეადგინა, რაც 26%-ით აღემატება 2015 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს.

სასარგებლო ბმულები

საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში www.uzbekistan.mfa.gov.ge

უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში www.uzembassy.az