საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 7 მაისს ქ. ტაშკენტში საქართველოს საელჩოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ იქნა შეხვედრა უზბეკეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

2018 წლის 7 მაისს ქ. ტაშკენტში (სასტუმრო ,,International Hotel Tashkent”) საქართველოს საელჩოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ იქნა შეხვედრა უზბეკეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან, რომელზეც განხილული იქნა საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში ციტრუსის ექსპორტის საკითხი.

 შეხვედრას უძღვებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბ-ნი გიორგი ბოჭორიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი რუსლან ქორიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი ბატონი უჩა სურმანიძე. უზბეკური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ უზბეკეთში ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების ხელმძღვანელები, ციტრუსის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და უზბეკური მასმედიის წარმომადგენლები.

აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია ქართული კომპანიების ციტრუსების წარმოება-რეალიზაციის პოტენციალის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აჭარის რეგიონის მეციტრუსეობის დარგის შესაძლებლობები და ადგილობრივი მანდარინის საექსპორტო პოტენციალი. შეხვედრაზე მათ დამსწრეებს გადასცეს სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები და კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი ვიდეორგოლები რეგიონის როგორც მეციტრუსეობის, აგრეთვე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ.