საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო

2018 წლის 26 მაისს უზბეკეთის ქართული დიასპორის ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ქ. ტაშკენტში გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, რომელშიც საელჩოს  წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს  უზბეკეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა და უზბეკეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა.

საელჩოს სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ა. მელაძე, გ. ბოჭორიშვილი და თ. ლოლუა, რომლებმაც ისაუბრეს ამ ღირშესანიშნავი ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ცნობიერებაზე.

საელჩოს წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უზბეკეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები გ. ამირანაშვილი, ზ. სულაკაძე, დ. თოდუა და ო. ფიფია, რომლებმაც ისაუბრეს უზბეკეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების საქმიანობაზე და მათ წვლილზე საქართველო-უზბეკეთის მეგობრობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

უზბეკეთის საზოგადოების სახელით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი მიულოცა და სიტყვით მიმართა უზბეკეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ეროვნებათაშორისო ურთიერთობებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრული კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კამოლიდინ იშანხოჯაევმა.

გაიმართა ქართული სიმღერისა და ცეკვის კონცერტი ქართველი და უზბეკი შემსრულებლების მონაწილეობით; ნაჩვენები იქნა საქართველოსადმი და დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპები, აგრეთვე, ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი; დარბაზში, სადაც მიმდინარეობდა ღონისძიება, გამოფენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და „ქართული ეროვნული სამოსის“ ფოტოები. მოწვეულ სტუმრებს - უზბეკეთის საზოგადოების წარმომადგენლებს - დაურიგდათ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ბროშურები და ბუკლეტები.