საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის

შესავალი

მოსახლეობის დაბერების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მიმდინარე დემოგრაფიული გადასვლა, რომელიც გამოიხატება მოსახლეობის სტრუქტურის ცვლილებაში, მოსახლეობის დაბერებაში და რაოდენობის კლებაში, მზარდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2016 წლის 27 მაისს პარლამენტის დადგენილებით მიღებულ იქნა ,,საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“ (შემდგომში კონცეფცია). კონცეფცია ეყრდნობა მოსახლეობის ,,დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევს’’, რომელიც 2015 წელს შემუშავდა საქართველოს მთავრობის თხოვნით და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური დახმარებით, დაბერების საკითხის შესახებ მადრიდის 2002 წლის საერთაშორისო სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის პრინციპების გათვალისწინებით. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული ხედვის განხორციელების მიზნით, შემუშავდა ,,საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა’’, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში „აქტიური დაბერების“ მიდგომების აქტუალიზაციას. ამ გეგმით განსაზღვრულია გეგმის თითოეულ საქმიანობასთან მიმართებით განსაზღვრულია შესაბამისი სახელმწიფო პასუხისმგებელი უწყებები. ამ მხრივ კი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს/ საკონსულო დაწესებულებებს აკისრიათ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების ინფორმირება არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მათ შორის, პროფესიული სწავლების და დასაქმების პროგრამების შესახებ.


საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტივობები:

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება:

უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

  • სოციალური პროექტების დაფინანსება
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • პროფესიული სწავლება
  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
  • იურიდიული დახმარება
  • საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
  • ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
  • ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას „ქართული ენის დისტანციური სწავლება“, რომელიც ხელს უწყობს ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მეშვეობით. პროგრამის მიზანია ახალი მასწავლებლების შერჩევა დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, დისტანციურ სწავლებაში ჩართული საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის ქართული ენის დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, დისტანციურ სწავლებაში ჩართული მასწავლებლების პროფესიული განვითარება, დისტანციური გაკვეთილებისთვის სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი მეთოდური და თემატური სასწავლო მასალების მომზადება. ბენეფიციარები არიან საქართველოდან ემიგრაციაში წასული ოჯახების შვილები, რომელთათვის ქართული წარმოადგენს მშობლიურ ენას, მაგრამ ენობრივი კომპეტენციები უკიდურესად დაბალია.

საყურადღებოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული განათლება საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით. პროფესიული განათლების სრული დაფინანსება სახელმწიფოს მიერ იძლევა დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობას. აქვე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (იგულისხმება ეთნიკურად ქართველი, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა), რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს უცხო ქვეყანაში, ან მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში, ასევე, მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2013 წლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც სათავე დაუდო მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და სხვ. ყველა მოქალაქეს შეეძლება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დეტალური ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიფერენცირებული პაკეტების შესახებ იხ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტორ ვებ-გვერდზე: http://www.moh.gov.ge/ka/529. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პრიორიტეტულ სფეროებში მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროგრამებით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა მოიცავს შემდეგ სახელმწიფო პროგრამებს: დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი; იმუნიზაცია; ეპიდზედამხედველობა; უსაფრთხო სისხლი; პროფესიულ დაავადებათა პრევენცია; ინფექციური დაავადებების მართვა; ტუბერკულოზის მართვა; აივ ინფექციის/შიდსის მართვა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა; ჯანმრთელობის ხელშეწყობა; C ჰეპატიტის მართვა.


ინფორმაცია განთავსებულია აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების ვებ-გვერდებზე:

http://www.moh.gov.ge/ka/529
http://apma.ge
http://acda.gov.ge
http://enterprisegeorgia.gov.ge
http://www.archives.gov.ge
http://www.mrdi.gov.ge
http://www.georoad.ge


საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (+995) 32 243 11 00, (+995) 32 231 13 37
ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge
მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო
ვებ-გვერი: www.mra.gov.ge


სახელმწიფო უწყებების სხვა სახის პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ: