საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

მ.წ. 15 თებერვალს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოს და ტაჯიკეთის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.
ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტაჯიკურს - მინისტრის მოადგილე  მუზაფარ ხუსეინზოდა. 

კონსულტაციებისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის თემები, მათ შორის პოლიტიკური, საპარლამენტო ურთიერთობების, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ჯანდაცვის, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის  საკითხები.

აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს და ტაჯიკეთის  რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვაში შეინიშნებოდა ზრდა.  2020 წელს, მიუხედავად Covid-19 პანდემიის უარყოფითი შედეგებისა, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, მომავალში ამ მიმართულებით  ურთიერთობების  კიდევ უფრო გაღრმავებისა.

მხარეებმა აღნიშნეს  საქართველოს მნიშვნელოვანი  როლი სატრანზიტო გადაზიდვების საკითხში. ამ კუთხით, ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოს პოტენციალის სრულად გამოყენებაში.  

განსაკუთრებული ხაზი გაესვა, წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც ორმხრივად ფიქსირდება მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ტაჯიკ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თავის მხრივ, ტაჯიკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მუზაფარ ხუსეინზოდამ,  კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა ტაჯიკეთის  რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ. 
კონსულტაციების შედეგად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა დავით ზალკალიანმა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა სიროჯიდინ მუხრედინმა  ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2021-2022 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას.